თეგი: ანზორ ერქომაიშვილი

მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა

დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა.  მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა.  მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ასევე გაეცანით     არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

კულტურის სამინისტრო: ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე

ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის წვლილი ქართული კულტურის წინაშე, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეს განცხადებით ეხმაურება. მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული კულტურის წინაშე. ანზორ ერქომაიშვილმა დააფუძნა და ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „რუსთავი“ და, ასევე, 1976 წელს ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“, რომელსაც 2000 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა; მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებული 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა, რესტავრაცია. მან, 1992 წელს, ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წლების ინგლისური კომპანიების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას. აქვე აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნოდარ ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. ანზორ ერქომაიშვილმა აღადგინა, გამოსცა, მომავალ თაობებს გააცნო და შემოუნახა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება. ანზორ ერქომაიშვილი ასევე გახლდათ: საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმის რედაქციის რედაქტორი, რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, ტელეგადაცემათა ციკლის ,,100 ქართული ხალხური სიმღერა" წამყვანი. ანზორ ერქომაიშვილმა არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. იგი ავტორია წიგნებისა: „ბაბუა" (1980; ეძღვნება არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებას), „შავი შაშვი ჩიოდა" (1989), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ" (1979). მან მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი. 2001 წელს მისი ინიციატივითა და „იუნესკოს“ ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ასევე, 2006 წელს მომზადდა და გამოიცა XX საუკუნის ანთოლოგიის (1901–2001) ერთი ნაწილი (1901–1914), რომელშიც შედის ქართული ხალხური სიმღერებისა და საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები. ქართველი ლოტბარის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს წარმოადგენს კატალოგი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. ეს გახლავთ პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული არქივებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ორენოვანი კატალოგი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში მოძიებული სიმღერების დაზუსტებულ ნუსხას აერთიანებს. ეს არის საგანძური, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მომდევნო თაობებს დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები. ასევე, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლის, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.  

უცებ, „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით - ოთარ პატარიძე საფრანგეთში ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრას იხსენებს

ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მეორე თაობის წარმომადგენელი, ოთარ პატარიძე დიდ მაესტროსთან, ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს: ძვირფასნო მეგობრებო და მკითხველებო! ამ მოგონებას ვუძღვნი ქალბატონ ლალის და ჩემს მეგობარს თამაზ ანდღულაძეს, ანსამბლ „გორდელას“ მემკვიდრეს. ამ წლის 10 აგვისტოს, ანზორ ერქომაიშვილი 83 წლის გახდებოდა, და, მის მოსახსენებლად და ყოფილ გარდავალებულ იმ დროინდელ (1970წ) გორდელას ანსამბლის წევრებიდან, სახელდობრ: თამაზ ანდღულაძე ┼ გომარ სიხარულიძე ┼ კუკური ჭოღონელიძე ┼ თემურ ქევხშვილი ┼ ბადრი თოიძე ┼ ანზორ ერქომაიშვილი ┼თამაზ პავლოვი ┼ ალბერტი დანელიანი სად და როგორ გავეცანი ცხონებულ ანზორს 52 წლის წინ და რა იყო შედეგი ამ შეხვედრისა? მსურს, გაგიზიაროთ 1970 წლის 7 ნოემბრის მომხდარ მოვლენის შესახებ.   • მაშინ, „გორდელა“ საფრანგეთში იყო გასტროლებზე, რომელიც თავდებოდა ცნობილ „Salle Pleyel“ ის საკონცერტო დარბაზში პარასკევს, 7 ნოემბერს 1970 წ. საღამოს.         ზედმეტი იქნება, რომ აღვწერო, რა ტაშის გრიალით დასრულდა ეს გამოსვლა და ერთხელ კიდევ გომარ სიხარულიძემ ქართული მრავახმიანობა აიყვანა უმაღლეს წერტილზე, მისი გუნდის დახმარებით !   • მოგახსენებთ რომ 1967 წლიდან შევქმენი ჩემი ანსამბლი „მერანი“ ცხონებული ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, „ოთარ ,რაკი ხალხური სიმღერა ასე გიყვარს და ქეც ასრულებ ოჯახურ წრეში, გთხოვ ჩვენს ახალგზრდებს ასწავლო, რაც იცი ქართულ სიმღერინად და გალობიდანო“. რა თქმა უნდა, შევასრულე მისი თხოვნა და ასე ვთქვათ „ბრძანებას“.   • მაშასადამე ამ კონცერტს „მერანიდან“ ესწრებოდნენ სალომე და ოთარ ზურაბიშვილები, გურამ ასატთიანი, მიხეილ ვოდე გოგიტიძე, თინა და დარეჯან ბერეკაშვილები, ცხონებული გივი ბეგიაშვილი და თქვენი მონამორჩილი ოთარ პატარიძე.   • კონცერტი რომ დამთავრდა, მივვარდით კულისებში უკეთესად რომ გაგვეცნოთ ჩვენი „იდოლები“ ჩვენ გვსურდა, მათთან გაგვეტარებინა ერთი ან ორი საათი, სუფრის ირგლივ. ოთარ ზურაბიშვილმა შესთავაზა ჩვენი სურვილი ... ცხადია, რომ იმ დროს, გასტროლებებზე „სუკის“ ( K.G.B ) აგენტები ჯაშუშობდნენ.   • ანზორი დათანხდა, მაგრამ გვითხრა, ერთ საათში მოგვაკითხეთ ჩვენს სასტუმროში, მაგრამ ყველა ვერ გაგვაცილებსო“.   • მივაკითხეთ მარტო 4 კაცი - გომარ სიხარულიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ბადრი თოიძე და თამაზ ანდღულაძე -...12 საათზე საღამოს და წავიყვანეთ ჩვენი სტუმრები ერთ ერთ « Montparnasse » ის რესტორანში « Le Maronnier » ში ცნობილ « La Coupole »ის ახლოს, სადაც პიკასო (Picasso), ელზა ტრიოლე (Elza Triolet), ჟან პოლ სარტრ (Jean Paul Sartre), სიმონ დე ბოვუარ (Simone de Beauvoir), როდინი (Rodin) და მისი მოწაფე იაკობ ნიკოლაძე ხშირად ატარებნენ დროს.   • შევაერთეთ 3 მაგიდა, დავსხედით და შევუკვეთეთ მენიუ...კარგად გვახსოვს, რა მოწიწებით, გორდელას წევრებმა შეუკვეთეს ლოკოკინა და ბაყაყის ბარძაყები! და წარმოიდგინეთ, რომ მოეწონათ!!!   • ორას მაგიდიანი რესტორანი გაჭედილი იყო, სანთლები ყველა მაგიდაზე სუსტად განათლებულ დარბაზში.   სანამ კერძებს მოგვიტანდნენ, „გორდელას“ წევრებმა ფეხზე ადგომით ჩუმად შეასრულეს „შენ ხარ ვენახი“ ჩვენც ავდედექით . ხალხმა იგრძნო, რომ რამე არაჩეულებრივი ტარდებოდა მანდ და დანა ჩანგლების ჟღარუნი მოისპო...დარბაზში დუმილი დაარსდდა ...ტაშის გრიალით დამხარდდა !   თამადად ავირჩიეთ ანზორი, მოადგილე - თამაზი, მაგრამ სუფრის ირგლივ ტრადიციული ქეიფი არ ტარდებოდა...სიტყვები...ჩვენ მათ სიტყვებს ვსვამდით ღვინის მაგივრად (ღვინო თითქმის არ დაგვილებია), ...სიმღერები, ხან ჩვენ (მერანი) ხან გორდელა და ზოგჯერ შეერთებულად.   ჩვენი რეპერტუარი (МЕЛОДИЯ ს ფირფიტებიდან ნასწავლი) არ იყო მდიდარი, მაგრამ მაინც ვამაყობდით რომ ამ სუფრაზე ჩვენი წილი შევიტანეთ! ბევრი ღვინო არ დაგვილევია...   • დადგა დილის 3 საათი და სასტიკად განვიცდიდით ამ მომენტის შეწყვეტას...და აი, ანზორის იუმორით სავსე ბოლო სიტყვა:     „ბარნებო, თუ ოდესმე საქართველოში გვესტუმრებით, გთხოვთ, იქ ნუ გაგვცემთ... ნუ იტყვით რომ ბაყაყების ბარძაყები და ლოკოკინა ძალიან მოგვეწონა! თქვენ რომ გაგიცანით და მოგისმინეთ, მწამს რომ ქართული გალობა და სიმღერა კარგ ხელშია...თუ გსურთ, მუდამ მზად ვიქნებით ამ დარგში დაგეხმაროთ და რჩევა დაგირიგოთ. გჩუწნით ამ ორ ფანდურს, ერთი ჩემია და მეორე გომარის...ისინიც კარგ ხელშია!   ჩვენ დღეს ვტოვებთ საფრანგეთს, მაგრამ პარიზიდან ვერ წამოვალთ თუ ჩვენი სურვილი არ შეგვისრულეთ: ჩვენ გვურს ლევილში როგორმე წაგვიყვანოთ და სასაფლაოს და „შატო“ს გავეცნოთო!“   • გავედით რესტორანიდან ნახევარ საათის შემდეგ, ძლივს ჩავეტიეთ ჩვენს 3 პატარა მანქანებში და გავეშურეთ ლევილისკენ. • ლევილში რომ ჩავედით, შავი ღრუბლებიანი ცა იყო, მაგრამ უზარმაზარი მთვარე აშუქებდა საფლავებს. გორდელას წევრები გიჟებივით დარბოდნენ სანთებელებით საფლავების ირგლივ და კითხულობდნენ გარდავალებულ ქართველების სახელებს და გვარებს ! • უცებ, ანზორმა გამონახა მისი მემორიალური ბიძის დათიკო ერქომაიშვილის სამარე რომელზედაც მისი თეთრჩოხიანი სურათი დაინახა.     • უცებ „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით... ძნელი იქნება აღვწერო, რას განვიცდიდით ამ ემოციურ დაუვიწყარ მომენტებში. • რომ დაამთავრეს მათი გალობა, მივედით ლევილის „შატოში“ და გავაღეთ დიდი რკინის ჭისკარი... ამ დროს, გორდელამ დაიწყო კახური „იავ ნანა“... მე ვუთზარი: „უფრო ჩუმად იმღერეთ თორემ ბებრებს გააღვიებთ არ შეაშინოთო!“ „პირიქით, ამ იავნანას რომ მოისმინენ, ვითომ ეგონებათ კარგი სიზმარიაო!“ მიპასუხა ანზორმა. და სიმღერა ტკბილად გააგრძელეს.   • ერთი საათის დავათვალიერეთ განმავლობაში ლევილის ყველა კუთხეებში, ჩავედით ყანებში და რადგან 6 საათს მივუახლოვდით, „მამლის ყიყლიყომ“ გადაგვაწყვეტინა პარიზისკენ დავბრუნება.   •სასტუმროსკენ მწარე დუმილით ვიჯექით მანქანებში, რის შემდეგ ჩავეხუტეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი < ასე დამთავრდა ჩვენი „ჟრუანტელით“ სავსე შეხვედრა, •კარგი ხნის (32 წლის) ანზორმა მოგვიწვია 2002 წლის პირველ ტრადიციულ მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე (The First International Symposium on Traditional Polyphony), რის შემდეგ კონტაქტი არ დაგვიკარგავს.    ამ პირველ სიმპოზიუმის შესახებ ახლო მომავალში გიამბობთ ოთარ პატარიძე საფრანგეთი 23 აგვისტო 2022წ  

„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა

25 ოქტომბერს „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის ძირითადი მისია იქნება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამით ქართული სიმღერისა და გალობის სფეროში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ხელშეწყობა, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თავიანთი ინტერესებითა და უნარებით. ფონდის დამფუძნებლები არიან ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, ბიზნესმენები, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი, ივანე ჩხარტიშვილი და „ასკანელი ჯგუფის“ დამფუძნებელი, გოჩა ჩხაიძე. ფონდს ჟურნალისტი, ანსამბლ „მართვეს" აღზრდილი ლევან ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. უცებ, „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით - ოთარ პატარიძე საფრანგეთში ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრას იხსენებს ღონისძიება გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის საცხოვრებელ სახლში, რომელიც სამუზეუმოდ მზადდება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა „რუსთავი“ და „მართვე“.  

,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც აკეთებდა ისე, რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი"

დღეს დიდი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა... დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. Europetime გთავაზობთ სვიმონ ჯანგულაშვილის გამოსამშვიდობებელ სიტყვას, მთაწმინდაზე, დიდ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვაზე წარმოთქმულს: ,,ჩვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის, განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს ადგილი აირჩია ეროვნულ პანთეონად და აქ დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი დაკრძალა. და აი, აქ, ამ ადგილზე, სადაც განისვენებენ დიდი ილია, ვაჟა, გალაკტიონი, აკაკი, სხვა დიდი მამულიშვილნი, ჩვენ დღეს ამოვიყვანეთ ადამიანი, რომელსაც დღეს ყველანი ვუწოდებთ და ათწლეულების წინ საქართველოს ტანჯულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უწოდა ქართული მუსიკის ექვთიმე თაყაიშვილი... და დღეს ექვთიმე თაყაიშვილთან და ამ დიდ მამულიშვილებთან ჩვენ ამოვიყვანეთ ბატონი ანზორი. ეს საღვთო განგებულებაა და ეს ქართველი ერის ნებაა! მთელი საქართველო ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში! და თავისი სიკვიდილითაც მან, ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, გენიალურმა მუსიკოსმა, ეპოქალურმა მოღვაწემ, თავისი სიკვიდილითაც მან მარადისობის თანაზიარნი გაგვხადა, რადგანაც, დიახაც, ეს წამები, ეს წუთები, არის მარადისობასთან შეხვედრა - ქართველ მოღვაწეთა, მსოფლიო მნიშვნელობის მოღვაწეთა დიდ თანავარსკვლავედს უერთდება დიდი მუსიკოსი, მუშაკი, არაერთი თაობის აღმზრდელი და მის, საქართველოსთვის დაღლილ და მაინც დაუღლელ სხეულს ჩვენ ვაბარებთ ამ წმინდა მიწას. მის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და არც არის ეხლა საჭირო დაწვრილებით მოყოლა და თქმა, თუ ვინ იყო იგი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ, ქართველებს დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა - ქართველთა სიმრავლეს მთელ ერს! ის, რასაც ჩვენ განვიცდით ამ ღვთიური ჰანგების სმენისას, ის რასაც ჩვენ ვგრძნობთ, თუნდაც უბრალოდ სიტყვების - "ჩაკრულო", "ხასანბეგურა", "შენ ხარ ვენახი" ან "წინწყარო" გახსენებისას, აი ეს გრძნობა სწორედ ანზორ ერქომაიშვილის დამსახურებაა. მან, როგორც იაკობ გოგებაშვილის იმ საოცარ თხზულებაშია, მან თითქოს გაგვახსენა ჩვენი იავნანა, მან დაგვაბრუნა ზეციურ მშობელთან, მან დაგვაბრუნა ღვთაებრივთან, მან დაგვაბრუნა მარადიულ მუსიკასთან! და ამ მარადიული ჰარმონიით, ამ მარადიული მშვენიერებით, აბსოლუტური მშვენიერებით, რასაც ქრისტიანულად, რელიგიურად ღმერთს ვუწოდებთ, იყო ანთებული და გაჟღენთილი მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა საქმე, მისი პიროვნება, მისი სახე, მისი ღიმილი... საოცარი სითბოთი და სიკეთით აღსავსე მისი ღიმილი... და ჩვენ გვაქვს დიდი ტკივილი, იმიტომ, რომ ამ ღიმილს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავთ. ჩვენ გვაქვს დიდი გლოვა, იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ მას კიდევ შეეძლო, რომ არა ეს ვერაგი სენი, კიდევ ბევრი დიდი საქმე ეკეთებინა. მაგრამ საღვთო განგებულება იყო ასეთი, ღმერთმა ასე ინება, რომ დღეს ჩვენგან წაეყვანა ეს დიდი ადამიანი. ჩვენ ტკივილით აღსავე გული გგაქვს, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენთან დარჩება და ჩვენთან ერთად წავა მარადისობაში ასევე. ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი. ის არაფერს არ აკეთებდა მხოლოდ იმ წუთისთვის ან მხოლოდ რაღაცა ვიწრო მიზნებისთვის. მისი ყველა საქმე დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი "რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომლზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! და ჩვენ ამას ყველანი ვგრძნობდით. - ის ყველას გვაჩვენებდა სიყვარულს, ვინც ვიცნობდით და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, და მთელი საქართველო, მთელი დედამიწა მას იცნობდა თავისი მუსიკალური შემოქმედებით. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, რასაც მისგან ვიღებდით და ადამიანობისა, ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ის, დროთა მიღმიდან მოსული ქართულ ჰარმონიასავით, ქართულ მუსიკასავით, დროთა სიღრმიდან, დროთა მიღმა რეალობიდან ჩვენთან მოსული ღმერთის შვილი იყო, რომელიც ღმერთმა თავისთან წაიყვანა და მისი საქმეები და მისი მარადისობა დაგვიტოვა. და დღეს, აი ამ მარადიული წამის წინაშე მდგარნი, ამ ისტორიული წამის წინაშე მდგარნი, როდესაც ილიასთან, ექვთიმესთან და სხვებთან დარჩება მისი ნეშტი, ამ სევდით აღვსილებს და ამ დარდით აღვსილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მომავლის ქართველები, როდესაც აქ ამოვლენ, ისინი დაინახავენ რომ ქართველებმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აქ აღვამაღლეთ ჩვენი მუსიკა, აქ აღვამაღლეთ ჩვენი გალობა, ჩვენი სიმღერა, აქ აღვამაღლეთ პატივისცემა უფროსი თაობების და მასწავლებლების მიმართ.. და ამიტომ ამ მწუხარების ჟამს, მე, უბრალოდ, ერთი მინდა ვთქვა: გიხაროდეს საქართველო, რადგანაც შენ გყავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ არ დაგიკარგავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ გყავს ეს დიდი მოღვაწე და მისი ლოცვა, მისი საქმეები და მისი შემოქმედება მარად იქნება", - წარმოთქვა ჯანგულაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მაღალი რისკის ფასად საფრანგეთიდან ჩამოიტანა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა. „ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რადგან ყველაფერს ველოდით ანზორ ერქომაიშვილის არქივში, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ეს აქტი რომ აღმოჩნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შენაძენი. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო, 80-იანი წლების დასაწყისი და ანზორ ერქომაიშვილისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მისი ჩამოტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს დოკუმენტი მან შეინახა, საბჭოთა საქართველოში ეს დოკუმენტი შეინახა იმის მოლოდინით, რომ დადგებოდა ოდესღაც მომენტი, როდესაც ეს დოკუმენტი ქართველ ხალხს დასჭირდებოდა, ამ ისტორიაში ეს მომწონს, რომ მან არამხოლოდ წამოიღო, არამედ, შემდეგ შეინახა უკეთესი დროის მოლოდინით და საბედნიეროდ, ეს მომენტი დადგა და დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ“, - აცხადებდა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Europetime-თან ინტერვიუში.  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ეს ეგზემპლიარი ხელოვნების სასახლემ პირველად ეროვნული სასახლის მთავარ დარბაზში 2018 წლის 26 მაისს გამოჰფინა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, გოლოვინის პროსპექტზე, მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ანზორ ერქომაიშვილის არქივი შეიცავდა არამხოლოდ მისი წინაპრების, ქართული მუსიკალური ფოლკლორული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ბატონი ანზორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საფრანგეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ლევილში გადასცა. მას 30 წლის განმავლობაში გურიაში ინახავდა, რადგან მაშინ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა. დოკუმენტის ორი ვარიანტი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებული აქტის ერთ-ერთი პირი, ან საფრანგეთში, ემიგრაციის მიერ შექმნილი. ეს დოკუმენტი ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, ძალიან ძვირფასი ყდა აქვს, ოქროს გერბით და გაფორმებული ემალის თვლებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დამოუკიდებლობის აქტი არსებობდა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ან საგანგებოდ ლევილისთვის შექმნილი პირი...როგორც ჩანს, საქართველოდან ნაწილებად, ფრაგმენტებად გაიტანეს. შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუკეთებდით რესტავრაციას და დღეს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ინახება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური პირი...ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განუცხადა გიორგი კალანდიამ Europetime-ს შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა

დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 83 წელი შეუსრულდებოდა.  მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა.  მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ასევე გაეცანით     არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.  

თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა. ღონისიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივისა და საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა. ღონისძიებაში ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე” მონაწილეობდნენ. ამასთან, სიმბოლურად სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები. „თბილისს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ასეულობით ქართული სიმღერა, რომელიც არ არსებობდა როგორც ჩანაწერი, ანზორ ერქომაიშვილმა გადაიტანა ფურცლებზე და დაგვიტოვა უშველებელი საგანძური. ჩვენ სიამაყით ვართ აღვსილი. შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს უნდა გავაცნოთ ვინ იყო ბატონი ანზორი და რამხელა ღვაწლი აქვს მას ქვეყნის წინაშე,“ - მიმართა სტუმრებს სიტყვით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ასევე გაეცანით: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაფუძნდა  

პრემიერი: უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით კი, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ აღიარა

„ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს,  ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის  70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება  უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  დღეს ჩვენს წინაშეა  თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  - ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“ - განაცხადა პრემიერმა.